Tag Archives: madlobis ekipaji

8 თვე საჭესთან და მადლობის ეკიპაჟი

ამას წინათ ფეისბუქზე “ალდაგის” ახალი კამპანიის, „მადლობის ეკიპაჟის“ ვიდეო რგოლი შემომხვდა – ქუჩებში დადიოდნენ და ეძებდნენ კარგ მძღოლებს. მძღოლებს, რომლებიც იყენებენ ციმციმას, მძღოლებს, რომლებიც საცობში „ჭკვიანად“ იქცევიან, მძღოლებს, რომლებსაც აქვთ უნარი დათმონ, მძღოლებს, რომლებიც ცნობენ და იცავენ საგზაო წესებს. მესიამოვნა, გამიხარდა და გამახსენა ჩემი სულ პირველი თვე საჭესთან, როცა საშინლად წესიერი ვიყავი და როცა საშინლად მაშინებდა და მძაბავდა ყველა მანქანა, რომელიც ოდნავ მაინც არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს. დიდი ხანი მინდოდა დამეწერა ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე და ფაქტობრივად „ალდაგის“ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანმა წამოწყებამ მეც ჩამრთო საგზაო მოძრაობის ორომტრიალში.

“დაივიწყე ყველა წესი, რაც მართვის მოწმობის აღებისას გასწავლეს” – გეცნობათ ეს ფრაზა, არა? სულ ცოტა ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება ხოლმე სანაცნობო წრეში, რომელიც ახალბედა მძღოლს ამ “კეთილ” რჩევას აძლევს. “რატომ უნდა დავივიწყო?” – ავტომატურად გებადება კითხვა. “იმიტომ, რომ ქუჩაში სხვა წესებია”! ე.წ. “ქუჩური წესებით” ფორმირებული მენტალობა იმდენად აქვს გამჯდარი ქართულ საზოგადოებას, რომ ამ უკანასკნელმა მანქანის მართვის პროცესშიც ჰპოვა ასახვა. და როგორია ეს წესები?:

წესი #1: თუ პატრული და/ან ვიდეო კამერა ვერ გხედავს, შეგიძლია, სისწრაფის დაშვებულ ლიმიტს გადააჭარბო.
წესი #2: თუ მაინც და მაინც იძულებული არ ხარ, არავითარ შემთხვევაში არ დაუთმო და შენზე წინ არ გაატარო სხვა მანქანა.
წესი #3: თუ საჭესთან ქალია, უნდა ელოდო, რომ საავარიო სიტუაციას შეგიქმნის. ამიტომ შეინარჩუნე მათდამი აგდებული, ირონიული დამოკიდებულება (შეიძლება, ეს წესი პირველ ნომრადაც გაგვეყვანა).
წესი #4: თუ რამე არ მოგწონს, მიეცი გაბმული სიგნალი და ფანჯრიდან ხელის გადაყოფით გამოხატული ჟესტიკულაცია.
წესი #5: თუ საცობში დგომა არ გინდა, გამოიყენე ყველა შესაძლო ხერხი ამის თავიდან ასარიდებლად. გადადი საპირისპირო მიმართულების გზაზე, ტროტუარზე…სულერთია, სადმე გადადი და ამ მანქანების რიგს გვერდი აუარე.
წესი #6 გზა შენია და ზედ დახატული ზებრა არაფერს ნიშნავს – არ დაუთმო, არ შეანელო და არ გააჩერო მანქანა. ქვეითი ყოველთვის გაჩერდება და შენ დრო არ უნდა დაკარგო…

და ეს წესები ბევრია. მათი რაოდენობა არაკეთილსინდისიერი მძღოლების რაოდენობასთან ერთად იზრდება. და რას ვიღებთ შედეგად? ათასობით დაკარგულ სიცოცხლეს, ათიათასობით დასახიჩრებულ ადამიანს. ღირს კი დანიშნულების ადგილამდე 10-15 წუთით ადრე მისვლა ამ ყველაფრად?

უამრავი რამის დაწერა შემიძლია, წვრილად და პუნქტობრივად ჩამოვყარო ყველაფერი რაც მაღიზიანებდა, რაც მაშინებდა, რაც მძაბავდა.

ამ ნიშანს სიამოვნებით ჩავდგამდი სააკაძის მოედანზე, საღამოს საათებში განსაკუთრებით :))

8 თვე გავიდა, რაც მანქანას ვმართავ, მივეჩვიე ყველაფერს, ვისწავლე, როგორ უნდა ავარიდო თავი საავარიო სიტუაციას, ვისწავლე, როგორ უნდა ვმართო მანქანა თავისუფლად და აღარ ვიყო დაძაბული, ვისწავლე გზებიც, სიჩქარესაც მოვუმატე (დაშვებულ ლიმიტამდე), აღარ ვარ პატარა, დაბნეული პინგვინი და ვთვლი, რომ ძალიანაც კარგი მძღოლი ვარ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მძღოლები ისევ არსებობენ და ალბათ იარსებებენ თუ რამე არ შეიცვალა.

ამ ქაოსში და საშინელ სიტუაციაში “ალდაგის” “მადლობის ეკიპაჟის” გამოჩენა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩემნაირ (!) კარგ და კანონმორჩილ მძღოლებს ნამდვილად სჭირდებათ წახალისებაც, გახალისებაც და მოტივაციის ამაღლებაც. მათ (და დიდი ალბათობით ჩვენი ოჯახის წევრების) გარდა, არ არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ ჩვენს წესრიგიანობას. არადა, რომ დაფიქრდე საჩუქრები და მადლობა ის რაღაცებია, რაც მოგანდომებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას. პატრულს შეიძლება დაუძვერი, მაგრამ ვინ იცის, იქნებ უკან “მადლობის ეკიპაჟი” მოგყვება და სამაგალითო მძღოლობისთვის ჯილდოც დაიმსახურო?

მადლობის ეკიპაჟი ❤

ადამიანებს სჭირდებათ მოტივაციის ამაღლება, ადამიანებს სჭირდებათ პოზიტიური სტიმულები. ეს ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვაქვს ჩაბეჭდილი, როცა მშობლები (ზრდასრულები) ჩვენს ყოველ კარგ ქცევას პოზიტიური სტიმულებით განამტკიცებდნენ. სწორედ ასე ვსწავლობდით, რომ კარგი საქციელი შექებას იმსახურებს. წესრიგის დამცველ მძღოლებსაც გვჭირდება შექება, წახალისება, გახალისება და ჩვენი მონდომების დაფასება. „ალდაგის“ ახალი კამპანია “მადლობის ეკიპაჟი” კი სწორედ ამ საქმითაა დაკავებული. იგრძნობა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სურვილი, რომ თბილისის (და არა მარტო) ქუჩებში კარგი მძღოლები დადიოდნენ. მათი ერთადერთი მიზანი კარგი მძღოლების აღმოჩენა და მათი დასაჩუქრებაა, რის შედეგადაც, დარწმუნებული ვარ, ყველა თუ არა, უმეტესობა ნამდვილად დაიწყებს ქუჩაში, საჭესთან ადეკვატურად მოქცევას საჩუქრის მიღების მიზნით, ბოლოს კი, იქნებ ჩვევაშიც გადაუვიდეთ წითელზე და ზებრაზე გაჩერება, მანქანის საპარკინგე ადგილას დაყენება, საგზაო მოძრაობის ნიშნების დაცვა და ა.შ.

მძღოლების გარდა ფეხით მოსიარულეებიც დიდად კმაყოფილნი დარჩებიან, დარწმუნებული ვარ ^_^

მე კი, მომდევნო თვეების ათვლას დავიწყებ და იქნებ ამასობაში მეც გადამეყაროს მადლობის ეკიპაჟი, საჩუქრების მიღება მეც ძალიან მიყვარს ❤