Tag Archives: Trip 2014 [ამსტერდამი, პრაღა, დრეზდენი, რიგა]

რამდენიმე საათი გაფრენამდე

დღეს რომ დრო ნელა გადის ასე ალბათ არასდროს გასულა.
6 საათია, რამდენიმე საათიც და ამსტერდამისკენ გაფრინდება ჩემი თვითმფრინავი.

პირველად როდის ან რატომ მომინდა ამსტერდამში წასვლა არ ვიცი. მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ვამბობ ამ ქალაქში აუცილებლად წავალ-მეთქი. თუმცა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ოცნება ასე მალე ამიხდებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როცა საუბარი დავიწყეთ ამსტერდამზე და ინტერნეტში რაღაცეები მოქექვა, რატომღაც მეგონა რომ თავს ვერ მოვაბამდით და ვერ წავიდოდი. ხოდა, დაჯერებაც მიჭირს რომ სულ რამდენიმე საათი და მე უკვე ამსტერდამში ვიქნები.

პრაღა შორიდან მომწონდა, პატარა ლამაზი ქალაქია. მინდოდა ჩეხეთშიც წასვლა, თუმცა, ამჯერზე არ ვგეგმავდი. ფაქტობრივად შემთხვევით გამოვიდა, და ეგეც იმის ბრალია, რომ ვიზა იმაზე დიდხნიანი მომცეს ვიდრე შეტანილი მქონდა. ერთი გასროლით ორ კურდღელს ვიჭერ, თუ როგორ არის ეგ? 😀

პანიკა მაქვს ჩართული. მგონია რაღაც მრჩება. მხოლოდ ხელბარგით მივდივარ (შიდა ფრენების დროს ბარგი ფასიანია და მაგდენი ფული არ მაქვს) და ჩემი ჩანთა რამდენჯერმე ავწონე იმაში დასარწმუნებლად რომ 8 კგ-ს არ აღემატება. სულ რაღაც 6.2 გამოვიდა.
ტვინში მილიონჯერ გადავავლე თვალი ნივთებს რომლებიც ჩავდე და მაინც მგონია, რომ რამე მავიწყდება.
მთავარია პასპორტი, პირადობა და ფული თან მაქვს. დანარჩენს ალბათ ეშველება 🙂

P.S ბოლო დროს ჩამოვარდნილმა თვითმფრინავებმა ცოტა დამძაბა. თუმცა, ჩემს თავს მაინც იმას ვახსენებ, რომ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და მსხვერპლის რაოდენობით ბოლო ადგილზე დგას. ასე, რომ ყველაფერი კარგად იქნება ^_^

ამსტერდამი – second step – ავიაბილეთები და საცხოვრებელი ადგილი

ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ვიზა ავიღე და ვაპირებ პოსტის დაწერას საცხოვრებელ ადგილზე და თვითმფრინავის ბილეთებზე. მაგრამ აქამდე მეზარებოდა.

მოკლედ, მას შემდეგ რაც ვიზაზე დადებითი პასუხი მოვიდა იმდღესვე დავიწყეთ თვითმფრინავის ბილეთების ძებნა ადეკვატურ ფასად. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთებს ლამის ორი თვით ადრე ვყიდულობდით მაინც საკმაოდ ძვირი ღირდა. თუ ვიზა და სამსახური გაძლევთ საშუალებას აუცილებლად შეამოწმეთ წინა და მომდევნო დღის ფასები, რადგან არსებობს შანსი რომ ამ დღეებში ბილეთები გაცილებით იაფი ღირდეს.

არსებობს ერთი ძალიან კარგი საიტი, fly.ge – სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ავიაკომპანიის ბილეთები. სასურველი თარიღის და დანიშნულების შეყვანის შემდეგ საიტი ავტომატურად გიყრით ყველაზე იაფიან, ყველაზე სწრაფ, ყველაზე ძვირიან ბილეთებს. სასურველის ამორჩევის შემთხვევაში შეგიძლიათ ფასი გადაამოწმოთ იმ ავიაკომპანიის საიტზე.

fly.ge

მას შემდეგ რაც შეარჩევთ თარიღს და ავიაკომპანიას უნდა გადაწყვიტოთ სად შეიძინოთ ბილეთები. თბილისში ძალიან ბევრი ავიაკომპანიის ოფისია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და კომფორტულ გარემოში აარჩიოთ ბილეთები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში მომსახურების ფულს გადაიხდით, რაც დამატებით 40-50-60 ევროა.

ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პეგასუსი აღმოჩნდა. ბილეთები საიტზევე ვიყიდეთ და თბილისი-ამსტერდამი 147 ევრო დაჯდა. შემდეგი ფრენა ამსტერდამიდან პრაღაშია, რომელიც საკმაოდ იაფი 64 ევრო ღირს და easyjet-ს მივყვებით, ხოლო თბილისში aribaltic-ით ვბრუნდებით (142 ევრო).  ბილეთების ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ სად გიწევთ გადაჯდომა და რამდენი საათი მოგიწევთ აეროპორტში ყურყუტი. ასე მაგალითად, აქედან სტამბულის გავლით (გოქჩენის აეროპორტი) მივდივართ ამსტერდამში. აეროპორტში გასატარებლად 4 საათი გვაქვს. 4 საათი ძალიან ცოტაა ქალაქში გასასვლელად და დამღლელი აეროპორტში ყოფნისთვის. სამაგიეროდ, პრაღა-თბილისი მგზავრობისას გადაჯდომა რიგაში გვიწევს და “ხურდად” 8 საათი გვაქვს. 8 საათი სრულიად საკმარისია ისეთი პატარა ქალაქის დასათვალიერებლად როგორიც რიგაა. ბილეთების ყიდვისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, თუ რამდენი კილოგრამის გადატანა შეგიძლიათ, თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა. პეგასუსი ნებას გვრთავს ბარგის სახით 20 კილოგრამი უფასოდ გადავიტანოთ, ხოლო იზიჯეტს და ეარბალტიკს მხოლოდ ხელბარგი ( 8 კილოგრამი) აქვს გათვალისწინებული და ბარგის საფასური ცალკე ანგარიშდება.

ასე და ამგვარად თბილისი-ამსტერდამი-პრაღა-თბილისი ზუსტად იგივე ჯდება რაც თბილისი-ამსტერდამი-თბილისი ჯდებოდა. თანაც, ბონუსად რიგაც მოჰყვება 🙂

მას შემდეგ რაც ევროპაში ჩააღწევთ შეგიძლიათ მატარებლით იმოგზაუროთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მატარებლის ფასი არ ჩამოუვარდება თვითმფრინავის ფასს. ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია რომელს მიანიჭებთ უპირატესობას.

მას შემდეგ რაც გარკვეული გექნებათ როდის ჩადიხართ დანიშნულების ადგილას, შეგიძლიათ დაიწყოთ საცხოვრებელი ადგილის ძებნა.
ბინის მოძებნა არც ისე რთულია, მთავარია რამდენი გაქვს ფული. ვინადაიდან რადგანაც ჩვენ სასტუმროს ფული არ გვქონდა, ხოლო ჰოსტელი იგივე ჯდებოდა რაც ჩვეულებრივი ბინის ქირაობა დღიურად, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბინა გვექირავებინა ამსტერდამშიც და პრაღაშიც.

airbnb.com

ყველაზე კარგი საიტი airbnb.com-არის. საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თქვენთვის სასურველი ბინა. შეგიძლიათ მიუთით მინიმალური და მაქსიმალური ფასი და ამ ჩარჩოს მიხედვით მოძებნოთ შესაფერისი საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ადგილმდებარეობას. დამეთანხმებით, რომ ადგილდემბარეობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და არახელწამოსაკრავი კომპონენტია ბინის შერჩევისას. სანამ ბინას დაჯავშნით გაეცანით რივიუებს, დაათვალიერეთ სურათები, ყურადღება მიაქციეთ რამდენ ადამიანზე აქვს ბინა გათვლილი და ხომ არ ითხოვს დამატებით ფულს დამატებით ადამიანებში. airbnb-ზე გადახდა წინასწარ ხდება. თუმცა, ფული ჰოსტამდე მხოლოდ მას შემდეგ მივა, როცა თქვენ “დაჩექინდებით”. თუ მოხდა სასწაული და ვერ მიაღწიეთ დანიშნულების ადგილს, airbnb ფულს უკან დაგიბრუნებთ, ოღონდ მომსახურების საფასურის ჩამოჭრით.

ამსტერდამში კარგი ბინის მოძებნა იაფად ცოტა არ იყოს და რთული საქმეა ისეთ კარგ საიტზეც როგორიც airbnb-ია, თუმცა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ^_^
პატარა, საყვარელი, ორ სართულიანი ბინა ამსტერდამის ცენტრში მდებარეობს. თუმცა, საიტზე ახალი დამატებულია და რივიუები ჯერ არ აქვს. ვიმდოვნებ, რომ ჩვენი დაბინავება იმაზე წარმატებულად ჩაივლის ვიდრე მგონია 🙂
რაც შეეხება პრაღის ბინას, პოვნა არ გაგვჭირვებია. მაგრამ, ბინაზე მეტად ჰოსთი მომწონს. საოცრად პოზიტიური და კომუნიკაბელური ადამიანია. რაც მთავარია, რივიუებს რომ გადავხედე, ეს ქალი შორიდან შემიყვარდა!

მოკლედ, წინასწარგანწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად კარგად ჩაივლის ვიდრე ოდესმე მიოცნებია და წარმომიდგენია ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში.

P.S 29 დღე დარჩა.

ამსტერდამი – First step – Visa

თუ გადაწყვიტეთ, რომ ამსტერდამში მიდიხართ, ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ შენგენის ვიზა გჭირდებათ 🙂

დარწმუნებილი ვარ თქვენც ჩემსავით მოიქცევით, დაგუგლავთ და იპოვით საბუთების ნუსხას და ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე, რომელიც რა თქმა უნდა გამოგადგებათ. თუმცა, გადავწყვიტე რომ ჩემი გამოცდილება მაინც დავწერო.

ვიზისთვის გჭირდებათ:
1. პასპორტი – საზღვარგარეთის პასპორტის დამზადებას 10 სამუშაო დღე და 104 ლარი სჭირდება. 100 ლარი პასპორტის, 3 ლარი სურათის და 1 ლარიც ბანკის საკომისიო.
2. პასპორტის მთავარი გვერდის ასლი. თუ ნამყოფი ხართ სხვა ქვეყნებში, ასევე დაგჭირდებათ პასპორტის გვერდების ასლი ( ცარიელი გვერდების არა).
3. პირადობის მოწმობის ასლი.
4. ცნობა უნივერსიტეტიდან – გაითვალისწინეთ, რომ ცნობა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. თუმცა, თუ თქვენც ჩემსავით თსუ-ში, იურიდიულ ფაკულტეტზე ხართ, გეტყვიან, რომ ცნობას არ გასცემენ ინგლისურად, ბრძანებაა ასეთიო და ქართულად მოგცემენ. მოგიწევთ ამ ცნობის გადათარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, რაც დაახლოებით 15 ლარი დაგიჯდებათ.
5. ცნობა სამსახურიდან – უნივერსიტეტისგან განსხვავებით ცნობას სამსახურიდან ინგლისურ ენაზე მარტივად იძლევიან. ცნობაში მითითებული უნდა იყოს თქვენი თანამდებობა და ხელფასი.
6. ამონაწერი ბანკიდან – ოპერატორი გააფრთხილეთ, რომ ამონაწერი ინგლისურად გინდათ და მალევე გაგიკეთებენ. საქართველოს ბანკში ჩემი ამონაწერი ორ წუთში მზად იყო, თიბისიში დაახლოებით 20-25 წუთი ველოდე, რომ ინგლისურ ენაზე ყოფილიყო. ცნობა ბოლო 3 თვის უნდა იყოს.
7. 2 ფოტო სურათი – ფოტოსურათი აუცილებლად უნდა იყოს ბიომეტრიული. სიმართლე გითხრათ 2 სურათი რაში სჭირდებათ არ ვიცი. ერთს იტოვებენ და მეორეს გატანენ -_-
8. სამოგზაურო დაზღვევა – ნიდერლანდების სამეფოს მოთხოვნა აქვს, დაზღვევა უნდა იყოს 15 დღით იმაზე მეტი ვიდრე თქვენ აპირებთ დარჩენას. მე 1 თვიანი დაზღვევა გავაკეთე, ალდაგში. დაზღვევა საკმაოდ კარგია და ბევრ პუნქტს მოიცავს. 39 ლარი და 40 თეთრი დამიჯდა 1 თვიანი, 50 000 ევროიანი დაზღვევა. საკმაოდ იაფია მგონი.
9. დაზღვევის ასლი – თავიდან მეგონა მთლიანი დაზღვევის (დაზღევევის პირობების ჩათვლით) იყო საჭირო. თუმცა, აღმოჩნდა რომ მხოლოდ პირველი გვერდია საჭირო.
10. სასტუმროს ჯავშანი – საბუთების შესატანად რომ ვემზადებოდი, გამაფრთხილეს booking.com-ის ჯავშანი შეიძლება არ მიიღონო. მაგრამ მიიღეს ^_^ შეეცადეთ პირველივე სასტუმრო, რომელიც შეგხვდებათ არ დაჯავშნოთ. გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური მონაცემები და იმის მიხედვით დაჯავშნეთ. ბუქინგ.ქომის ჯავშანი შეგიძლიათ ვიზის მიღების შემდეგ გააუქმოთ და სხვა, უფრო ხელსაყრელი ვარიანტი მოძებნოთ airbnb.com-ზე. airbnb-ის ჯავშანს ნუ მიიტანთ საბუთებთან ერთად 🙂
11. ბილეთების ჯავშანი – ჰომ, ყველაზე ბევრს ბილეთების ჯავშანზე ვნერვიულობდი. ჩვენ გასაში დავჯავშნეთ. გასაში შეგიძლიათ გააკეთოთ 48 საათიანი უფასო ჯავშანი, ან კიდევ 2 კვირიანი ფასიანი ჯავშანი 1 ბილეთი 6 ევრო. იდეაში საბუთების მიღების დროს 48 საათიანიც შეაქვთ და ორ კვირიანიც. ორ კვირიანი გავაკეთეთ. 8-ში გასდიოდა ვადა, პასუხები 12-ში უნდა გაგვეგო. რა თქმა უნდა ჯავშანი ორივე გზის უნდა იყოს.
12. სავიზო განაცხადის ფორმა – ფორმა უნდა შეავსოთ ინგლისურ ენაზე და დაკვირვებით. თუმცა, ის რაც ფორმაში უნდა ჩაწეროთ, ცალ-ცალკე, სხვა საბუთებთან ერთად, ისედაც მიგაქვთ. სავიზო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე 

იმ შემთხვევაში თუ სხვა გაფინანსებთ, მაშინ ასევე დაგჭირდებათ:
1. დამფინანსებლის განცხადება – განცხადებაში უნდა იყოს ნათქვამი ვინ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ვის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აფინანსებს. უნდა იყოს ნათქვამი რომ გაიღებს ყველა მის ხარჯს – საცხოვრებელი, კვება, მგზავრობა, დაზღვევა და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები. განცხადება უნდა გადაათარგმნინოთ ინგლისურ ენაზე და დაამოწმებინოთ ნოტარიუსს, რაც დამატებით 15 ლარია.
2. დამფინანსებლის ამონაწერი ბანკიდან  – რა თქმა უნდა ინგლისურ ენაზე და რა თქმა უნდა ბოლო 3 თვის.
3. დამფინანსებლის ცნობა სამსახურიდან – ინგლისურ ენაზე. და თუ დამფინანსებელი ინდ.მეწარმეა, მაშინ საგადასახდო ამონაწერი, რომელიც ასევე უნდა თარგმნოთ და დაამოწმებინოთ ნოტარიუსს (ეგეც 15 ლარი).
4. მე ჩავწერე, რომ დედაჩემი მაფინანსებს. ამიტომ დამატებით საბუთად დაბადების მოწმობის ასლი ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მივიტანე ( + 15 ლარი), მითხრეს აუცილებელი არაა, თუმცა დამატებით საბუთად ჩავდებთო.

და ბოლოს, თუ თქვენ ამსტერდამში აპირებთ წასვლას, საბუთები უნდა შეიტანოთ გაერთიანებული ვიზების ცენტრში, რომლის მომსახურებაც 57 ლარი ღირს. სულ მთლიანად ვიზა 142 ლარი დაგიჯდებათ. იხდით იქვე, ნაღდი ანგარიშწორებით.

საბუთების შესატანად ჩაწერა შეგიძლიათ ტელეფონითაც და იქვე მისვლითაც. ჩვენ 27 მაისს ვიყავით ჩაწერილები.

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ყველა საბუთი მოგროვებული გაქვთ. მართალია რამდენჯერმე გადავამოწმე და ცოტა პანიკა მქონდა, რამე ხომ არ მაკლია-მეთქი, თუმცა საბოლოოდ ვგრძნობდი, რომ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგი ვიზისკენ, როდესაც ყველა საბუთი წესრიგში მქონდა!

ხო, მართლა, იმის თქმა დამავიწყდა, რომ თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ თავისუფლად შეგიძლიათ მიწეროთ ვიზა გლობალს შემდეგ მეილზე –  info.nlge@vfshelpline.com  მალევე და ამომწურავად გიპასუხებენ.

collage

27 მაისს, დილის 10-საათზე ჩაწერილები, 10-ის ნახევარზე მივედით. რიგი ელექტრონული იყო, გრილოდა და მოსაცდელი დარბაზიც პრინციპში კომფორტული იყო. ტელეფონზე უხეშად საუბრის შემდეგ, მოლოდინი გვქონდა რომ ავი ქოფაკები დაგვხვდებოდნენ. თუმცა, რეალურად იყო ის მომსახურება, რასაც მიჩვეულები ვართ.

საბუთები წესრიგში გაქვთო, პასუხს 12 ივნისისთვის დაელოდეთ, მესიჯები მოგივათო.

დღეს დილით მესიჯის ხმამ გამაღვიძა. ვიზის პასუხები უკვე იყო! 1 კვირით ადრე. 11 საათი არ იყო ჯერ და უნდა დავლოდებოდი 3-ის ნახევრამდე. საბუთების გაცემა 3-ის ნახევრიდან 5-ის ნახევრამდე ხდება. ფაქტობრივად ეკლებზე ვიჯექი.

2014-06-05 13.59.08

3-ის ნახევარზე რიგში ჩავდექით, დალუქული კონვერტი მოგვაწოდეს და აქვე შეამოწმეთ, დარბაზში დასხედით და გახსენითო.

ვიზა მოგვცეს! თვენახევარი 🙂 31 ივლისიდან 11 აგვისტომდე გვქონდა შეტანილი და 29 ივლისიდან 12 სექტემბარამდე მოგვცეს.

ძალიან ბედნიერი და აჟიტირებული ვარ ^_^

10374006_1413964338886209_5170383141071169696_n

ოცნებები

ოცნება ისეთი ხილია გინდა არ გინდა ყოველთვის თან გდევს. მაშინაც როცა არაფერი გაბადია და მაშინაც როცა თავი ყველაზე ბედნიერი გგონია. ოცნებას ბავშვობიდან იწყებენ და ხშირად უსრულდებათ კიდეც. საერთოდ, რაზეც ხშირად ოცნებობ,ბევრს ფიქრობ და მართლა მთელი გულით გინდა, სულ რომ უსაქმოდ იჯდე სახლში მაინც მიიღებ შენსას. ცხოვრება ხომ სასწაულებით არის სავსე?!

ბავშვობაში, როდესაც რაიმე ძალიან გოგოშკურ ფილმს ვუყურებდი,  ყოველთვის მომწონდა და ოცნებას ვიწყებდი მშობლების სახლიდან გასვლისთანავე მოწყოფილ “ფართებზე”. ბევრი სასმელით და ბევრი სიმპატიური ბიჭით. როცა რუსთავი 2–ზე დაიწყო სერიალი “რებელდე ვეი” თუ რაღაც მსგავსი (მია და დაბალი წითური გოგო რომ მონაწილეობდა) ოცნებად გავიხადე ისეთ დაწესებულებაში სწავლა, რომელიც პანსიონს ჰგავს. კვირის დღეებს იქ ატარებ. იქ ცხოვრობ, გძინავს, ღამით ხან ვის ოთახში მიძვრები ჩუმად, ხან ვისაში. “ვიქენდებზე” შინ დაბრუნება და დასვენება ყოველდღიურობისგან სრული ნეტარებაა. შედეგად მშობლები უფრო მეტად გეყვარებოდა და უფრო მეტად იქნებოდი დამოუკიდებელი. ასევე ფილმების ყურებისას დაიბადა ჩემში ოცნება “პიჟამო ფართისა”. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს უკანასკნელი ამისრულდა. რამდენიმე კვირის წინ, მგონი პირველად საქართველოში, მოეწყო “პიჟამო ფართი”, სადაც ვიყავით 17–მდე გოგო პიჟამოებში, ვსაუბრობდით ძალიან გულახდილად ძალიან პირად თემებზე და ა.შ…

ასევე ფილმების და სერიალების ნაყოფია ჩემი ოცნება რომელიც “pool party”-ს უკავშირდება. ერთ მშვენიერ მზიან დღეს, ბევრი გოგო და ბევრი ბიჭი, ცოტა სასმელი, სასიამოვნო მუსიკა და გართობა. ამიტომ დღემდე ვოცნებობ აუზიან სახლზე, სადაც მარტო ვიცხოვრებ. თუ ოდესმე ბევრი ფული მექნება, აუცილებლად (!) ავიშენებ სახლს აუზით.

ეს ის ოცნებების კრებულია, რომელიც ბავშვობაში დაიბადა და დღემდე მომყვება. ამას კიდევ ერთი მიემატა, ამსტერდამში წასვლაზე და იქ “დასვენებაზე” სერიოზულად ვფიქრობ. ოცნებაა, მაგრამ ისეთი რომლისთვისაც ძალ–ღონეს არ დავიშურებ რომ ამისრულდეს. ამსტერდამი ქალაქია სადაც ყველაფერია, აბსულუტურად ყველაფერი.

ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება

არა ერთხელ გამიგონია ყველაზე დიდი სულელური ფრაზა: “ქალები/კაცები ყველანი ერთნაირები არიან”

არ არიან ერთნაირები. არ აქვთ ერთნაირი მიზნები, ხასიათი, გემოვნება.

რატომ ხდება რომ როდესაც ბიჭი აწყენინებს გოგოს ძმაკაცი ამშვიდებს “დაწყნარდი ეგენი ყველანი ერთნაირები არიანო,  “გვერდზე ოთახში” კი გოგოს დაქალი ბობოქრობს “ყველა ბიჭი ერთნაირი ნაძირალაო”.

ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება.

ჩემი თავით ვიმსჯელებ და უამრავ განსხვავებულ თვისებას და სურვილს ჩამოვთვლი, რომელიც  გოგონების უმეტესობას თავში აზრად გავლებულიც არ ექნება.

  • საკმაოდ დიდი ხანია ოცნებად მაქვს ქცეული, რომ რამდენიმე დღით მაინც მოვხვდე ციხეში (ქალთა კოლონიაში). საშინლად მაინტერესებს მათი ყოფა, ცხოვრების სტილი, გრძნობები და სიტუაცია. შორიდან ყველაფერი არც ისე ძნელია, მაგრამ არავინ არ ვიცით (თუ არ ხარ ნამყოფი) რა ხდება შიგნით. მე კიდევ სწორედ ამის სურვილი მაქვს. და ძალიან დიდი იმედიც, რომ ამ სურვილს ავიხდენ და მინიმუმ 1–კვირა გავატარებ იმ ხალხთან
  • მინდა რომ გავიჭედო მეტროში, ჩაქვრეს შუქი და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ვაგონი იქნება შუა გვირაბში. ოღონდ ცოტა ხნით.
  • მინდა შუა ზღვაში გემით ყოფნის დროს ამოვარდეს ქარიშხალი და მოვყვე საშინელ ღელვაში. ოღონდ არ მოვკვდე!
  • მინდა და აუცილებლად ავისრულებ რამდენიმე დღიან დასვენებას მაინც ამსტერდამში. ოცნების ქალაქია. ეს ის ადგილია, რასაც მოისურვებ ყველაფერი რომ არის. ხო და მეც “იმ ყველაფრისთვის” მინდა წასვლა.
  • შვილის გულისთვის დავთმობ კარიერას. ეს ისეთი რაღაცაა, რაც დღეს რატომღაც უკვირთ. ბევრისთვის ჯერ კარიერაა და მერე ოჯახი. ჩემთვის ჯერ შვილი, ოჯახი და მერე სხვა დანარჩენი
  • არ ვდგევარ სარკესთან ნახევარი საათი. არ ვბურღავ ტვინს კიტხვით “რა ჩავიცვა?”
  • როდესაც მომწონს ბიჭი ვეუბნები პირდაპირ. ვთვლი რომ ამისათვის იაზვობა და ზედმეტი თავის დაფასება არ არის საჭირო.
  • არ მწყინს და არ მიკვირს ისეთი რაღაცეები რაც გოგონების უმეტესობას.
  • შეყვარებულთან დაცილების შემდეგ არ დავიწყებ “ყოფილის” ლანძღვას, აბუჩად აგდებას და იმის ძახილს რომ მე ის მაინც არ მიყვარდა.
  • ძალიან არ მაინტერესებს ხალხის აზრი. აი, საერთოდ არავისი. ოჯახის წევრისაც კი. მთავარია მე მომწონს. არ მანაღვლებს რას ფიქრობენ ჩემზე. როდესაც ამას ვამბობ არ სჯერათ. ბოლომდე “ფეხებზე მკიდია” ვერ იქნებიო. არა და ვარ. მართლა საერთოდ არ მაინტერესებს.
  • პარიზი არ ასოცირდება სიყვარულის ქალაქთან და არც ეიფელის კოშკზე კოცნაზე ვოცნებობ.
  • თავის გადაპარსვა მინდა

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ არ მივეკუთვნები “ეგენი ყველანი ერთნაირები არიან”–ს კატეგორიას. ხომ წაიკითხეთ, რომ აბსოლიტურად განსხვავებული ვარ? თანაც ეს მცირედია ჩემი განსხვავებულობისა. რამდენია კიდევ ჩემნაირი, ვისაც სრულიად სხვა და სხვა “წვეტიანი” აზრები აწუხებს? ალბათ ათასობით. ხო და მეგობრები,  ნუღარ იტყვით რომ ყველანი ერთნაირები არიანო.