აღმოაჩინე ის, რაც შენია – მცირე ნაწილი იმერეთიდან

“აღმოაჩინე ის, რაც შენია” – ალბათ ცოტა პათეთიკურად ჟღერს ეს ფრაზა, მაგრამ არა ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომელსაც საქართველოში ძალიან ცოტა რამ აქვს ნანახი. რატომღაც ისე მოხდა რომ თითზე ჩამოსათვლელად მაქვს ადგილები, რომლებზეც შემიძლია ვთქვა რომ  ვიყავი, ვნახე, დავათვალიერე და შევიყვარე.

“აღმოაჩინე ის, რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში” – პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო და ერთ-ერთი, რომელიც მათ მიერ მოწყობილ მედია ტურში აღმოჩნდა, მეც ვიყავი.

პარასკევს, 21 აგვისტოს დილის 9 საათზე იმერეთის რეგიონისკენ დავიძარით და პირველი გაჩერება სოფელი სვერი იყო. საჩხერესთან ახლოს მდებარე პატარა სოფელში მეკლდეურებს ბანაკი აქვთ მოწყობილი “სვერის სათავგადასავლო ბანაკი”, სადაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ყოველდღიური რუტინის დავიწყება.

მეკლდეურებს სხვადასხვა აქტივობების შემოთავაზება შეუძლიათ, ისეთის, როგორიცაა კლდეზე ცოცვა, კლდეკარის მღვიმის ნახვა, ტბაში ნავით გასეირნება და ა.შ. კლდეზე ცოცვისთვის საკმარისად კარგად ვაფასებ საკუთარ მონაცემებს, თუმცა, ხევის განაპირას ციცაბო ბილიკზე კი ვიბობღე, რათა კლდეკარის მღვიმემდე მიმეღწია. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა თქვა, ეს ადგილი ძალიან ძველია და ნიჟარებიც კი უპოვიათო. თავის დროზე წარმართული სალოცავი იყო, თუმცა ეხლა მართლმადიდებლურია და იქ მისაღწევად საკმაოდ მაღალ ადგილას, 1-2 საშიში ნაბიჯი უნდა გადადგათ. მეკლდეურები სპეციალურ აღჭურვილობას და დახმარების ხელს აუცილებლად დაგახვედრებენ. საღამოს, მზის ჩასვლისას მანდაეთის ტბაზე ნავით გავისეირნეთ და ულამაზესი სანახაობით დავტკბით.

თუ ბოლომდე ყოველდღიურობის დავიწყებაც არ გინდათ, ბანაკში შეგიძლიათ გადასარევი wifi-ით ისარგებლოთ, გამოიყენოთ როგორც სამუშაო სივრცე და ა.შ.

ის ღამე კურორტ საირმეში გავატარეთ და მეორე დღეს ქუთაისისკენ დავიძარით.

ქუთაისში არ ვარ ნამყოფი და ყოველთვის, როდესაც ამ ფრაზას ვამბობ, სანაცვლოდ გაოცებულ და გაოგნებულ სახეს ვიღებ. ხო, მოხდა ისე რომ ქუთაისში მხოლოდ გავლით ვარ ნამყოფი, სანამ შემოვლითი გზა გაიხსნებოდა.

ჩვენი პირველი გაჩერება სასტუმრო “ნიუპორტი” იყო. ქუთაისის ცენტრში მდებარე 1914 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც განადგურებული იყო, სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, სრულად აღდგა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, პანდემიის გამო სასტუმრო დახურულია და მისი გახსნა 2021 წლის თებერვალ-მარტში იგეგმება.

როგორც სასტუმროს ერთ-ერთმა მფლობელმა გვითხრა, “ნიუპორტის” რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და სასტუმროში 34 ნომერია განთავსებული. მისივე ინფორმაციით, ის რომ შენობა 1868 წელსაც არსებობდა, ერთ-ერთი ფოტოთი დასტურდება. საბჭოთა კავშირის დროს ორსართულიან სახლს მესამე სართული დაამატეს და იმ დროინდელი “რაიკომი” იყო განთავსებული. 2000 წლიდან სასტუმრო უკვე კერძო საკუთრებაში გადავიდა.  2018 წელს ამჟამინდელმა მფლობელმა შენობა ფაქტობრივად განადგურებული შეიძინა და მისი ძალისხმევით პირვანდელი სახე დაუბრუნდა. როგორც თქვეს, სასტუმრო ყველაზე “ტოლერანტულ უბანში” მდებარეობს. თუმცა, ჩემი აზრით, მისი მთავარი ღირსება ტერასა და ის ხედია, რაც ამ ტერასიდან იშლება 🙂

ქუთაისი კია სასწაული ქალაქი და ამაში არავის შევედავები, მაგრამ ჩემი აღმოჩენა სკოლა “ღონე ქვეყნისა” იყო. მარიამ ყაუხჩიშვილის მეცხრამეტე საუკუნის სასახლე დღეს კერძო საკუთრებაშია და მასში ავტორიზებული სკოლაა განთავსებული. სკოლის პირვანდელი სახე აღდგენილია და  ბავშვებს ისეთ გარემოში და ისეთ აუდიტორიებში უწევთ სწავლა, იქ რომ “ხორავას ქუჩის” ქეისი განმეორდეს ფაქტობრივად შეუძლებელი მგონია.

“ჰარი პოტერის” სკოლას ვეძახითო მოსწავლეებმა. მაგრამ ჩემი “ჰოგვორტსი” უფრო მაგარია, რა ვქნა 😀 ჯადოსნური გარემოა უდაოდ, მაგრამ ჯადოქრები აკლია 🙂

აუდიტორიებში მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდულია, განსხვავებულია სწავლისადმი მიდგომა, განსხვავებულია ქცევის წესები, სათავგადასავლო აქტივობები და თავად მოსწავლე-მასწავლებლებიც განსხვავებულები არიან. შეუძლებელია ამ სკოლაში სწავლობდე და არ ისწავლო.

 

 

სკოლის შემდეგ გეზი გელათისკენ ავიღეთ. ჩემი აზრით, ცოტა სირცხვილია რომ 28 წლის მიწურულს ვნახე ეს საოცრება და აქამდე არც კი მიფიქრია, რომ შემიძლია მივიდე, ვნახო, დავათვალიერო. გელათში ჩემთვის ყველაზე გასაოცარი მაინც ის ფაქტი აღმოჩნდა, გიდმა ერთ-ერთ საფლავთან რომ მიგვიყვანა და გვითხრა თამარ მეფის საფლავიაო. ერთ-ერთ ვერსიად რომ განიხილებოდა გელათის მონასტერი ვიცოდი, მაგრამ ასეთი თავდაჯერებული ადამიანი პირველად ვნახე. დავით აღმაშენებლის საფლავის ნახვა რომ გვინდოდა ცოტა ეწყინა, თამარ მეფე არ გაინტერესებთო?

გელათის სამონასტრო კომპლექსის შემდეგ ბაგრატის ტაძარი ნამდვილად არაფერია. გათანამედროვებული, ლიფტმიშენებული ეკლესია ჩემში აღფრთოვანებას ვერ იწვევს. თუმცა, ამ ადგილზე წასვლა ხედის გამო მაინც ღირდა.

ქუთაისში მთელი დღე წვიმდა და ძალიან მწყდება გული, რომ ქალაქის სათანადოდ დათვალიერება, ფეხით ბოდიალი და ტურისტად ყოფნა ვერ შევძელი. თუმცა, აქვეა, თბილისიდან თითქმის სამი საათის სავალ გზაზე, გახსნილია ხაშურის შემოვლითი გზა და ნებისმიერ უიქენდზე შემიძლია ჩარბენა და იქაურობის მოვლა, დაფასება და შეყვარება.

და ბოლოს, თუ ქუთაისში მოხვდებით, აუცილებლად ისადილეთ ან ივახშმეთ რესტორან “მაგნოლიაში”, “წითელ ხიდთან” არის. აპეტაიზერი, მთავარი კერძი, დესერტი, ღვინო… აბსოლუტურად ყველაფერი საოცრად გემრიელი იყო და საშინლად დამწყდა გული, სათანადოდ დამშეული რომ არ მივედი.

კვირა დილა კურორტ საირმეს და იქ არსებულ აქტივობებს დაეთმო. კურორტი საირმე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც საკარანტინო სივრცედ იქცა და დღეს ის სრული დატვირთვით მუშაობს და დამსვენებელზეა ორიენტირებული. ამინდი ცუდი იყო, თუმცა ხალხი უამრავი. თბილი, შეიძლება ითქვას ცხელი წყლით სავსე აუზი, სპა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები აუცილებლად მოგადუნებთ და კიდევ უფრო დაგეხმარებათ იქ არსებული ხედების თუ სილამაზის აღქმაში.

ექსტრემალური ადამიანი თუ ხართ ყველაზე მაღალი ზიპლაინი შეგიძლიათ სცადოთ. ზიპლაინი 800 მეტრია და ორ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ნაწილი 500 მეტრია და მისი დაფარვა დაახლოებით 40 წამშლია შესაძლებელი. კომფორტულად მოკალათებულმა ნისლიან ხეებს გადავუფრინე და ქვედა სადგურზე გავჩერდი. იქიდან 300 მეტრის “გადაფრენა” უკვე სასტუმროს და მდინარის თავზე გიწევთ. ჩემი რჩევაა, აუცილებლად სცადოთ, თორემ ზუსტად ვიცი, ინანებთ 🙂 თუ მაინც და მაინც სიმაღლის შიში გაქვთ და ვერ რისკავთ, მაშინ სასროლეთი მოინახულეთ და თავად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.

 

გვიან, მაგრამ აუცილებლად აღმოვაჩენ იმას, რაც ჩემია, რაც საქართველოშია და რაც ერთი ფეხის ნაბიჯზეა.

Leave a comment